Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.
Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
-------------------------------------------------------------------------------------
გაუფრთხილდით და დაიცავით ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, რადგან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ინახავს უძველესი სამოციქულო და განუყოფელი ეკლესიის რწმენასა და ტრადიციებს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
-------------------------------------------------------------------------------------
ძველ დროში აღსრულებული სასწაულები ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში
ქართულ საისტორიო წყაროებში მრავლად არის შემონახული ცნობები საქართველოს მიმართ დედა ღვთისმშობლის განსაკუთრებული მზრუნველობის შესახებ. საკუთარი ერის ღირსების გრძნობით აღსავსე წერს ქართველი მემატიანე: „ნეტარ ვართ ჩვენ და სამგზის სანატრელნი, რამეთუ ნაწილნი ვართ ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისანი”.
მოვლენებს, თუ როგორ ერგო ღვთისმშობელს საქართველო თავის წილხვედრ ქვეყანად, შემდეგი სახით განმარტავს მოსე ჯანაშვილი „საქართველოს საკლესიო ისტორიაში”:
„სტეფანე მთაწმინდელი ამბობს, რომ სულის წმიდის მოფენის შემდეგ მოციქულთ განიზრახეს წილის-ყრა იმის შესახებ, თუ ვის რომელი ქვეყანა წილად ხვდება, რათა ჰქადაგოს სახარება. მაშინ წმიდამან მარიამმა უთხრა მოციქულთა: „მეც მიყარეთ თქვენთან წილი, არ მინდა უწილოდ დავშთე. დაე მეც მერგოს ქვეყანა, რომელსაც მარგუნებს უფალიო”. წილის ყრით დედა მარიამს ერგო ივერია, ანუ იბერია, ესე იგი საქართველო. როდესაც ღვთისმშობელმა დააპირა ივერიისკენ გამომგზავრება, ანგელოსი გამოეცხადა მას და უთხრა: „ნუ გენეშორები იერუსალიმსა; წილ-ხდომილი შენი ქვეყანა განათლდების მომავალში, შენი მეუფება განემტკიცების იქ”.
მანამდე კი, როგორც „ქართლის ცხოვრება” მოგვითხრობს, უფლის ნებით, დედა ღვთისმშობელს ანდრია პირველწოდებული უნდა გაეგზავნა ამ ქვეყანაში და გაეტანებინა ხელთუქმნელი ხატი, რომელზეც მისი სახება იქნებოდა უშუალო შეხებით გადატანილი და მის მაგივრობას ეს წმიდა ხატი გასწევდა „უკუნისამდე ჟამთა”.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა უთხრა ანდრია მოციქულს: „შვილო ანდრია, დიდად უჩნს ჩემს სულს, რომ ჩემს წილხვედრ ქვეყანაში – საქართველოში არავის უქადაგნია ჩემი ძის სახელი. როცა მე საქადაგებლად გავემართე ჩემს წილხვედრ ქვეყანაში, მაშინ გამომეცხადა სახიერი ძე ჩემი და ღმერთი და მიბრძანა, რომ შენ წახვიდე და თან წარასვენო სახე ჩემი და ჩემი ძისა, რათა მე ვიყო ქართველთა ცხოვრების განმგებელი, ხელი აღვუპყრა და შევეწიო მათ, და არავინ მტერთაგან მძლე ექმნას მათ”.
ყოვლადწმიდამ მოითხოვა ფიცარი, დაიდო სახეზე და გამოისახა ხატი ღვთისმშობლისა, რომლის წიაღშიც გამოხატული იყო განხორციელებული ჩვილი – ყრმა იესო – სიტყვა ღვთისა. მისცა ის მოციქულ ანდრიას და უთხრა – „მადლი და შეწევნა ჩემგან შობილისა უფლისა თანაშემწე გეყავნ შენ, სადაცა ხვდიდოდე, და მეცა თანაშემწე ვარ ქადაგებასა მაგას, და დიდად შევეწიო „ჩემდა ხვედრებულს”.
ანდრია მოციქული პირველად ქალაქ ტრაპიზონში მოვიდა, რომელიც მეგრელთა ქვეყანაშია. აქ მცირე ჟამი დაჰყო, აქედან შევიდა ქართლის ქვეყანაში, რომელსაც დიდ-აჭარა ეწოდება. დაიწყო სახარების ქადაგება. მრავალი ჭირი და განსაცდელი მოითმინა ურწმუნოებისაგან. ღვთისა და წმიდა ხატის შეწევნით ყოველივე მადლობით მოითმინა, სანამ ყველა არ მოაქცია და მოწმუნედ გახდა. იმ ადგილას, სადაც ყოვლადწმიდას ხატი დააასვენა, გადმოჩქეფა ფრიად დიდმა და მშვენიერმა წყარომ, რომელიც დღესაც შეუწყვეტლად ამოდის. შემოიკრიბდნენ მის გარშემო იმ ქვეყნის მკვიდრნი და ნათელი სცა ყველას სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.
წამოვიდა ანდრია მოციქული, გადმოვლო მთა, რომელსაც რკინის ჯვარი ეწოდება. თქმულია, რომ ის ჯვარი თვით ანდრიას მიერ არის აღმართული. მოციქულმა ჩაიარა ოძრახის ხევი, მივიდა სამცხის საზღვართან და დაივანა სოფელ ზადენ-გორაში. აქ კერპთაყვანისმცმლები ცხოვრობდნენ. ილოცა ხატის მიმართ და კერპები დაემხნენ. წმიდა მოციქული გაემართა და მივიდა სოფელ აწყვერში, რომელსაც პირველად სოსაგნეთი ეწოდებოდა, ხოლო მის პირდაპირ მდებარე ადგილს – საქრისი.
მაშინ მთავარი იყო ერთი ქვრივი დედაკაცი – სამძივარი, რომელსაც ერთადერთი ვაჟი, მისი იმედი, იმჟამად მოკვდომოდა. იდგა ტირილი, ვაება და გლოვა.
იმ ღამეს ციდან იხილედ დიდი ნათელი ღვთისმშობლის ხატისა. გამთენიის ჟამს ანდრიას მოუგზავნეს კაცი ვინაობის გასაგებად. მისი პასუხი აუწყეს მთავარს – ქვრივ დედაკაცს: „არიან უცხო კაცები, ქადაგებენ ჩვენთვის უცნობ ღმერთს ქვეყნის შემოქმედად, დამბადებლად, ადამიანისთვის სიცოცხლის მიმნიჭებლად და მკვდართა აღმდგენელად. ჰყავთ მათ მშვენიერი ხატი, რომელსაც პატივს სცემენ”. როცა ქვრივმა მოისმინა სიტყვა მკვდართა აღდგომის შესახებ, გაუკვირდა და მცირედ ნუგეში მიეცა. მოუხმო მოციქულს და გამოჰკითხა. მოუგო წმიდა მოციქულმა – „მოვედი წმიდა ქალაქ იერუსალიმიდან, სადაც უფალს ფეხი დაუდგამს – გოლგოთასა და ცათა მსგავს ბეთლემიდან, ვარ მოციქული უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც წამის-ყოფით აღადგენს მკვდრებს. მას ვქადაგებ ღმერთად, უფლად და ყოველი დაბდებულის მპყრობელად. ვინც ირწმუნებს მას და ნათელს იღებს სახელითა მამისა და ძასათა და სულისა წმიდისათა, ყოველივე, რასაც ითხოვს სარწმუნოებით, მიეცემა მას და ყოველი სენისაგან განიკურნება”.
ეს რომ მოესმა დედაკაცს, დავარდა მიწაზე და ცრემლით უთხრა მოციქულს: „შეიწყალე ჩემი სიქვრივე და უბედურება, რადგანაც ემსახურები მკვდრების აღმდგენელს, ილოცე შენი ღმერთის მიმართ და მიანიჭე ჩემს შვილს სიცოცხლე. ყოველივეს, რასაც მიბრძანებ, შეგისმენ და ურჩობას არ გაგიწევ, თუ ჩემს ვაჟს ცოცხალს ვიხილავ, რამეთუ მხოლოდ ესა მყავს და სხვა არა”.
წმიდა მოციქულმა მიუგო: „თუ ირწმუნებ იესო ქრისტეს, ძეს ღმრთისას, ჭეშმარიტ ღმერთს, რომელიც ჩვენს მიერ იქადაგება, რაც არ უნდა ითხოვო სარწმუნოებით, ყოველივე მოგეცემა მის მიერ”.
დედაკაცი ამის მოსმენამ სიხარულით აღავსო და ცრემლით უთხრა მოციქულს: „ჰოი, ჭეშმარიტო ღვთისმსახურო, ჭეშმარიტად მწამს და ვაღიარებ იესო ქრისტესს, რომელსაც შენ ქადაგებ, შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა”.
მოციქულმა იქიდან გააყვანინა ხალხი და არავინ დატოვა ქვრივისა და თავისი კაცების გარდა, აიღო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, დასვენა საწოლზე, სადაც ყრმა იდო. დაიწყო ლოცვა და ვედრება ღვთისა მიმართ ხელაპყრობით. ლოცვის შემდეგ მოკიდა ხელი ყრმას, როგორც ძილისაგან, ისე წამოაყენა და მისცა დედამისს. როცა სხვებმა ნახეს ეს სასწაული, ძალიან გაუკვირდათ.